
ამერიკას დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა - ილინოისი, მისური, არკანზასი, კენტუკი და ტენესი - მიცვალებულების ზუსტ რაოდენობას ქვეყანაში ამ დრომდე ითვლიან.
შაბათს რამდენიმე შტატმა გარდაცვლილებზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ძლიერმა ქარიშხალმა ილინოისის შტატში კომპანია „Amazon”-ის საწყობიც გაანადგურა და ნანგრევებში 6 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება სხვა შტატებს, ამ მონაცემებით არკანზასში ორი, ტენესიში ოთხი, მისურიში ორი ადამიანია გარდაცვლილი.
გამანადგურებელმა სტიქიამ განსაკუთრებით კენტუკის შტატი დააზარალა. გუბერნატორის, ენდი ბეშირის განცხადებით, ინფორმაცია ამჟამად 70-ზე მეტი დაღუპულზე აქვთ, მათ შორისაა 3 წლის ბავშვიც, თუმცა, ვარაუდობენ, რომ რაოდენობამ, შესაძლოა, 100-ს გადააჭარბოს, რადგან მეიფილდიში მდებარე ქარხანას, რომელშიც 110 ადამიანი იმყოფებოდა, ტორნადომ პირდაპირ გადაუარა.
„თითოეული მათგანის ოჯახისთვის ვლოცულობთ. ეს ჩვენი შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტორნადო იყო. ძალიან რთული დრო გვიდგას“ - განაცხადა ბეშირმა პრესასთან საუბრისას.
მისი თქმით, რამდენიმე ტორნადომ დაახლოებით 365 კილომეტრის არეალს გადაუარა, რაც 1925 წელს მომხდარ შემთხვევას აჭარბებს, რომლის დროსაც მისურის, ილინოისისა და ინდიანას მასშტაბით 695 ადამიანი გარდაიცვალა და 15 000-ზე მეტი სახლი დაინგრა. ბეშირმა ხალხს მოუწოდა, გზებზე სიარულისგან თავი შეიკავონ, რათა სამაშველო ბრიგადებმა უფრო მარტივად იარონ და სისხლის დონაციაც სთხოვა.
„ქალაქი ისე გამოიყურება, თითქოს მის თავზე ბომბი ჩამოეგდოთ. ვიმედოვნებთ, რომ გადარჩენილთა რაოდენობა გაიზრდება და მხოლოდ აღდგენით პროცედურებზე გადავერთვებით. საამისოდ რამდენიმე დღე დაგვჭირდება“ - განაცხადა მეიფილდის მერმა, ქეითი სტიუარტ ო’ნენმა.
ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარის, ვიქტორ გენსინის განცხადებით პარასკევს მომხდარი ტორნადო განსაკუთრებული იმითაცაა, რომ ის დეკემბერში მოხდა, როდესაც, წესით, ცივი ამინდის გამო დამანგრეველი სტიქიის შეკავება ხდება.
მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა, რომელმაც კენტუკიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თვითერზე განცხადება გაავრცელა:
„ამ დილით შემატყობინეს აშშ-ის მასშტაბით მომხდარ გამანადგურებელ ტორნადოებზე. საყვარელი ადამიანის ქარიშხლის გამო დაკარგვა წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ვმუშაობთ ადგილობრივ გუბერნატორებთან ერთად, რომ დავრწმუნდეთ, რომ მათ ყველაფერი აქვთ, რადგან გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოები და ზარალის დათვლის პროცედურა ამ დრომდე გრძელდება“ - ამბობს ბაიდენი.
რეგიონში ამ დრომდე რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობაა და ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებს.
ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ ტენესისა და კენტუკის შტატებში 200 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ადგილობრივი და ფედერალური მთავრობა სტიქიისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ერთად მუშაობს.