სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს.
ომბუდსმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით გასინჯა. ამასთან ისინი გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსა და მედპერსონალს. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ექიმების ინფორმაციით, რიგ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გარკვეული მიმართულებით კი გაუარესებულია.
ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები საბოლოო დასკვნას გაასაჯაროებენ.
"ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე დეტალურად, ასევე ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ, პარალელურად მიმდინარეობდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც სჭირდება შეჯერება, ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს გართულებები არის მრავალმხრივი. ექიმებს სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ და ამის შემდგომ საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებით.
მე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი არ ვარ ექიმი, თავად ექიმებიც ისაუბრებენ, როგორც მითხრეს, რიგ შემთხვევაში მდგომარეობა არის უკეთესობისკენ, რიგ შემთხვევაში უარესობისკენ", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ფსიქოტროპული მედიკამენტები ჰქონდა დანიშნული, რამაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, მისი მდგომარეობის გაუარესება განაპირობა. ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.
უკვე 22-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ის კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.