როგორ ატრიალებს თავისი ახლობლების ხელში მილიონებს "ქართული ოცნება" უკვე ვნახეთ.
ახლა გაჩვენებთ, ფულის გარდა კიდევ როგორ აჯილდოებს ხელისუფლება თავისიანებს - მიწით. თითქოს საქართველო მათი საკუთრება იყოს, ჭრიან ნაწილ-ნაწილ და ურიგებენ ერთმანეთს. თანაც ნებისმიერ ნაკვეთს - ვითომ თბილისის გენგეგმა რომ შეიმუშავეს, ფორმალურად - სადაც უნდათ, როგორც უნდათ ისე უცვლიან ტერიტორიებს სტატუსს.
მაგალითად, ტყის ნაკვეთი მოეწონა ვიღაცას? რა პრობლემაა? - გადააკეთებენ და ტყის ნაცვლად მიანიჭებენ სამშენებლო ნაკვეთის სტატუსს. შემდეგ ტყე იჩეხება და იწყება მშენებლობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით, ბოლო ხუთ წელიწადში საქართველომ 40 ათასზე მეტი ჰექტარი ტყე დაკარგა.
ჩვენ რამდენიმე მაგალითს გაჩვენებთ - ერთ-ერთი ამბავი კიკეთში ხდება, სადაც ტყის ნაწილი გაანადგურეს მშენებლობის დაწყების მიზნით. ნაკვეთები ყოფილი ფეხბურთელის, კახი კალაძის ახლო მეგობრისა და ცაგერის ახლადარჩეული მერის, გიორგი ნემსაძის შვილის საკუთრება აღმოჩნდა.
გასაგებია, რატომ მისცეს მას მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ნებართვა. ფორმალურად, ყველაფერი მეტნაკლებად კანონიერად ხდება. "ოცნება" კანონიერად ანადგურებს ქვეყნის მწვანე საფარს.