
მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი გრძელდება. ოპოზიცია ამ კვირაში ისევ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისში, რვა ოლქიდან მაჟორიტარობის კანდიდატს მხოლოდ ორ ოლქში წარადგენს. ახლა ჯერი სხვა პარტიებზეა.
იმედი გვაქვს, რომ პარტიები, რომლებიც შეიკრიბებიან, კონსტრუქციულად იმსჯელებენ და პასუხისმგებლობის განცდით ჩვენი საზოგადოების წინაშე და სწორედ დიდი გამარჯვების მიზნით და არა ცალკეული პარტიების, ასე ვთქვათ, უკეთესი რეზულტატის ჩვენების მიზნით მივიღებთ გადაწყვეტილებას და ისინი შეძლებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, რომ ადეკვატურად გადაანაწილონ ეს ექვსი ადგილი, მაქსიმალურ რაოდენობა პარტიებზე, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
იგი იმედს გამოთქვამს, რომ დარჩენილი ექვსი ადგილიდან ნაწილი მაინც ერგება იმ პარტიებს, რომლებიც ახლო წარსულში ან "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ აფილირებული, ან პირდაპირ ოცნების მხარდამჭერები იყვნენ.
შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ კანდიდატს კონკრეტულ ოლქში მეტი ხმები ან მან შეძლოს ფინანსური თუ სხვა რესურსებით მეტი ხმების მოგროვება, მაგრამ მისი პერსონა იყოს წამგებიანი მთელი ოპოზიციისთვის. თუ გადაწყდება მრავალპარტიულ ფორმატში და ჩათვლიან, რომ ჩემი ყოფნა მაჟორიტარულ თბილისის ოლქებში საერთო გამარჯვებისთვის არის საჭირო და აუცილებელი, მე, რა თქმა უნდა, დავდგები, - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საერთო კანდიდატებზე შეთანხმების რესურსი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არსებობს, თუმცა საკვანძო მათთვის დედაქალაქში კვოტების გადანაწილებაა.