
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 2021 წლის 15 დეკემბერს გაიმართება, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ "ასოცირების ტრიოს", იგივე აღმოსავლეთ პარტნიორი პროგრამის წევრი ქვეყნების: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას, ევროპის ეკონომიკურ ზონაში დაჩქარებით ინტეგრაციის შესახებ წინადადება წამოაყენა. განცხადება ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა Twitter-ზე გაავრცელა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო განცხადებით ევროკავშირს მიმართავს და სთხოვს, გამოიმუშაოს დამატებითი გეოპოლიტიკური იმპულსი, ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც საჭიროა აღმოსავლელი პარტნიორებისთვის რეფორმების შემუშავების, რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების მოტივაციისთვის.
ევრონესტმა ევროკავშირის ლიდერებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ უფრო ამბიციური და სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა.
ევრონესტის ბიუროს მიხედვით, მსგავსი ინტეგრაცია შეიძლება დაეყრდნოს Romano Prodi-ს პრინციპს, რაც გულისხმობს ყველაფრის ინტეგრაციას, ინსტიტუციების გარდა.
"მივესალმებით ფაქტს, რომ იგივე მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის უფრო ამბიციური პოლიტიკის შესახებ 2021 წლის 17 მაისს გააჟღერეს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც გააძლიერეს თანამშრომლობა ევროინტეგრაციის საკითხებში, როგორც "ასოციაციის ტრიო", იმისთვის, რომ გამოხატონ სურვილი შემდგომი ევროინტეგრაციის შესახებ დაწყებული ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციით.
ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაფიო პერსპექტივის ნაკლებობამ შესაძლოა, შეასუსტოს პარტნიორი ქვეყნების სწრაფვა ინტეგრაციისკენ და მოტივაცია, ასოცირებულ სამეულს შორისაც კი, რეფორმების გატარებისკენ. ამ ქვეყნებში შესაძლოა, პოლიტიკური პოლარიზაცია გაიზარდოს, ამავე დროს პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ რეფორმებს, კერძოდ, კარგი მმართველობასა და კანონის უზენაესობის შესახებ, რადგან პირობითობა უნდა დარჩეს ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმძღვანელო პრინციპად და მომავალ ინტეგრაციამდე უნდა მოხდეს არსებული შეთანხმებების შესრულება",-წერია განცხადებაში.