თეა წულუკიანის შურისძიება ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ - სახალხო დამცველი პენიტენციალური სისტემის კრიტიკის შემდეგ იუსტიციის მინისტრის თავდასხმებს იგერიებს.
წულუკიანის უწყების მიერ ომბუდსმენის კონფიდენციალური ვიზიტის დეტალების გასაჯაროების შემდეგ, პენიტენციური უწყების ქმედებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველი თავად წყვეტს ვის როდის მოინახულებს და როდესაც მისი ვიზიტები კონფიდენციალურია, ამის შესახებ ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის ნათელია,რომ სახალხო დამცველის მწვავე საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ ბრძოლას აკრძალული მეთოდებით დაიწყებდა.
მესამე სექტორი და პოლიტიკური პარტიების წევრები ამბობენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უნდა ეცნობოთ.
სისხლის სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა ასევე თავად ნინო ლომჯარიამაც, როდესაც „მატროსოვის“ ციხის დატოვების შემდეგ გაარკვია, რომ მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სწორედ წულუკიანის უწყებამ გაახმოვანა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ინფორმაციის გასაჯაროება უდაოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
„მიზანი იყო ის, რომ იუსტიციის სამინისტროს ეთქვა ყველა პატიმრისთვის, რომ თუკი ისინი შეხვდებიან სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ეს არ იქნება კონფიდენციალური და ისინი ამ ინფორმაციას გაავრცელებენ“ - განაცხადა გიგაურმა.
საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი განმარტავს, რომ თეა წულუკიანის უწყების ქმედებით შესაძლოა პატიმრებს ნდობა დაეკარგოთ სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ.
„ჩნდება აქ რისკები და ალბათობები იმის შესახებ, რომ ხდებოდეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებსა თუ სახალხო დამცველზე მიყურადება და თვალთვალი, რაც პირდაპირ და ცალსახად იქნება წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას კი ოპოზიციაში ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას უკავშირებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამორჩილებას ცდილობს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე კი წულუკიანის თავდასხმას ნინო ლომჯარიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ მწვავე ანგარიშს უკავშირებს.
„ამ ყველაფრის უკან დგას ის ბოღმა, რომელიც ქალბატონ წულუკიანს აწუხებს იმის გამო, რომ ლომჯარიამ ძალიან კვალიფიციურად ამხილა მის სისტემაში გამეფებული უკანონობა, ვგულისხმობ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მაყურებლების მხრიდან პატიმრების შევიწროება და მათზე ძალადობა. ეს არის კრიმინალური მენტალობის იუსტიციის მიერ დამკვიდრებული სისტემა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა კახიძემ.
სახალხო დამცველის „მატროსოვის“ ციხეში კონფიდენციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაასაჯაროვა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენი შეხვდა ვანო მერაბიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს და კახაბერ ნაკანს. ამას გარდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, ლომჯარიამ მოითხოვა გურამ დონაძესთან შეხვედრაც, თუმცა, დაკავებულმა ვიზიტზე უარი განაცხადა.