
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობისთვის ბრიუსელში დღეს გაემგზავრება.
თუმცა, "მთავარის" ინფორმაციით, ეს სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება, რადგან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოს დიდი დრო და რესურსი დაუთმეს, იმედგაცრუებულები არიან.
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი, რომელიც ევროკავშირის კულუარებს კარგად იცნობს, "მთავარ არხთან" ამბობს, რომ შესაძლოა, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არც შეხვდეს.
"ეს სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება. რეალურად, ეს სამიტი არ არის ისტორიული მნიშვნელობის, რომ ამით საქართველო რამეს მიიღებს ან საქართველოსთვის რაიმე გადაწყდება. ეს მხოლოდ სამიტის წევრი ქვეყნების დიდი ოჯახის შეხვედრაა.
შარლ მიშელი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის და მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს, შეხვდება თუა არა ის ღარიბაშვილს, ეს საკითხავია.
ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან გამიგია, რომ იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება და ის შესაძლებლობები, რაც ქვეყანას ჰქონდა, ხელიდან გაუშვა.
საქართველო ახლა არ არის ევროკავშირისთვის მთავარი სასაუბრო თემა. ის ფაქტი, რომ დიდი შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართება, სადაც შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთი ლიდერებს პაშინიანს და ალიევს შეხვდება, ნიშანია იმისა, რომ ახლა ფოკუსირება ხდება კავკასიის მეზობელ (სხვა) ქვეყნებზე და არა საქართველოზე. რა დროც მიშელმა მიმდინარე წელს საქართველოზე დახარჯა და თუ რა დროს დაუთმობს ახლა ის - ეს იქნება ყველაფრის ინდიკატორი", - ამბობს რიკარდ ჟოზვიაკი.