
ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ ბლოგერსა და სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტიხანოვსკის სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი გაასამართლეს. ტიხანოვსკის იუთუბარხის ოპერატორს, არტემ საკოვსა და პროექტის სოცქსელების მოდერატორს დმიტრი პოპოვს 16-16 წელი მიუსაჯეს, იუთუბარხ MozgON-ის ავტორს, ვლადიმირ ციგანოვიჩსა და ერთ-ერთი ტელეგრამარხის ავტორს, იგორ ლოსიკს - 15-15 წელი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ნიკოლაი სტატკევიჩს კი - 14 წელი.
სერგეი ტიხანოვსკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის დარღვევაში ედებოდა: „მასობრივი არეულობის ორგანიზება“, „ისეთი ქმედებების ორგანიზება ან მომზადება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს უხეშად არღვევს“, „სოციალური მტრობის გაღვივება“ და „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა“.
"ერთი წელი, 20, 100 - ეს უკანონოა, ეს ის არაა, რასაც უნდა შეეგუო. ამიტომაც ე.წ. განაჩენის შეფასებისას მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ საკუთარ თავს: რას გავაკეთებ ამ ახალი ამბით? გავაგრძელებ იმ ადამიანის დაცვას, რომელიც მიყვარს და რომელიც მილიონობით ბელარუსის ლიდერი გახდა", - ამბობს სვეტლანა ტიხანოვსკაია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის მაისში დააკავეს, როდესაც სვეტლანა ტიხანოვსკაიას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. უშუალოდ მისი კანდიდატურა კი ცესკომ დაბლოკა.