
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებისა და ემპათიის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩატარებია.
"ფარმაკოლოგიური წამების ნაწილზე დებატები, როგორც ჩანს, სამედიცინო სივრცეში გაგრძელდება. ეს ნორმალურია.
აი რაც უდავოა სახალხო დამცველის დასკვნით და ემპათიის დასკვნითაც - გორის ჰოსპიტალში გატარებული 21 დღის განმავლობაში, პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩატარებულა, მიუხედავად უკიდურესი აუცილებლობისა.
ყოველი დღე არა უბრალოდ დაკარგულია, არამედ, ამ მხრივ, გააღრმავა პრობლემა და შესაძლოა შეუქცევადი და აღუდგენელი ზიანი მიაყენა სააკაშვილს",- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ცნობისთვის, 12 დეკემბერს სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს. ომბუდსმენმა დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.