
ხანჯლით მიყენებული ჭრილობები, დაზიანებები თავის არეში და სისხლჩაქცევები - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მონიკა პაპაშვილი გვიყვება, რომ მას ფიზიკურად ქმარი გაუსწორდა. მსხვერპლი ამბობს, რომ ქმარმა მასზე პირველად 2018 წლის 23 ივლისს იძალადა და მისი წამება, სისტემატიურად 9 თებერვლამდე გრძელდებოდა.
ძალადობის მსხვერპლი ქალის ჩვენება, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსამართლემ ბრალდებული, 31 წლის ვალერიან ჩომახაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდებულს მხოლოდ 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, მას გამამტყუნებელი განაჩენი ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამოუტანეს.
"მე ის დამნაშავედ ვცანი, დანმაშავედ ცნობაა მთავარი. [მის სიცოცხლეს საფრთხე] არ ემუქრება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი უკვე 3 წელია თავისუფლებაში. საფრთხე რომ ემუქრებოდეს, სამი წელი არ იქნებოდა თავისუფლებაში", - თქვა ბადრი კოჭლამაზაშვილმა "მთავარ არხთან".
საქმეზე სასამართლო პროცესები 2 წელია მიმდინარეობს. ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ ბრალდებულს ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები მფარველობენ. ამავე თემაზე: