
ხანჯლით მიყენებული ჭრილობები, დაზიანებები თავის არეში და სისხლჩაქცევები - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 38 წლის მონიკა პაპაშვილი გვიყვება, რომ მას ფიზიკურად ქმარი გაუსწორდა. მსხვერპლი ამბობს, რომ ქმარმა მასზე პირველად 2018 წლის 23 ივლისს იძალადა და მისი წამება, სისტემატიურად 9 თებერვლამდე გრძელდებოდა.
ძალადობის მსხვერპლი ქალის ჩვენება, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსამართლემ ბრალდებული, 31 წლის ვალერიან ჩომახაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდებულს მხოლოდ 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
"2018 წლის 23 ივლისს დაიწყო ეს ყველაფერი, ძალადობა, სახლში მასთან, ოჯახში მოხდა ეს ძალადობა, დამტვრეული მქონდა ცხვირი, შუბლი, ზედა ყბის ძვალი მქონდა დამტვრეული და მუცელში მქონდა ხანჯალი ჩარტყმული.
თავის დროზე შსს არ მიუდგა ამ საქმეს ისე, როგორც საჭირო იყო და არ გამოიძია, ის მტკიცებულებები არ ჩადეს საქმეში, რაც მე გამაჩნდა. დევს ექსპერტიზის დასკვნა, დევს სამედიცინო გადაწყვეტილება ალადაშვილის კლინიკაში რა დაზიანებები მქონდა მოყენებული, არის ფოტომასალები, ამის ფონზე მოსამართლე იძახის, რომ მე ვერ დავადასტურებ, რომ ეს ესე იყო, მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამოუტანა ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. პოლიციის უფროსი რომ მივდივარ მეუბნება ფრთხილად იყავი, აქეთ არ შემოგიბრუნდეს ეს საქმე", - ყვება მონიკა პაპაშვილი.
ადვოკატების თქმით, 2 წელია სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და ბრალდებულის ადვოკატი ხშირად აპელირებდა, რომ ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურებიდან.