
ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 დეკემბერს იგეგმება.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში შიმშილობისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად განუვითარდა, ისევ აღენიშნება და ის მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება და ინვალიდიზაცია გამოიწვიოს.
"[რუსთავის ციხეში გადაყვანამ] შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება ქრონიზაცია და რაც შეეხება ვერნიკეს ენცეფალოპათიას, რომელიც განვითარდა შიმშილობის ფონზე და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე, შეიმშილობა გახანგრძლივდა და ამან გამოიწვია ეს სიმპტომატიკა, არსად წასულა, ისევ ადგილზე რჩება, ეს არის წამყვანი და ძალიან საშიში სიმპტომები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიზაცა და პაციენტის ინვალიდიზაცია. შესაბამისად, აქ უნდა იყოს მკურნალობა ჩატარებული და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ეს შეუძლებლად მიგვაჩნია.
ისედაც, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც ადგილ ჰქონდა პაციენტის მოტყუებას, ასევე გასაჯაროებას ვითომდა კვების ფაქტების, ეს არის მისთვის სტრესული გარემო და რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება იქ მკურნალობა და რეაბილიტაცია",-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
გორს სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მარიამ ჯიშკარიანი ცოტა ხნის წინ მივიდა. ცენტრი "ემპათიის" დასკვნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზეა საუბარი, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.