
სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები გახშირდა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 9 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეები, კახაბერ ნათაძე და ვლადიმერ კანიაშვილი დააკავეს. რეჟიმის მტკიცებით, დათვალიერებისას ერთ-ერთს ერთი გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა. მათივე თქმით, 15 დეკემბერს დაკავებულების მიმართ საქმეები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, "საზღვრის უკანონო კვეთა" და "ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდაზე" აღიძრა.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყოფილ სამხედროზე, მამუკა ჩხიკვაძეზე, რომლის შესახებაც უკვე 5 დღეა არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ოკუპანტებმა გაიტაცეს, თუმცა ე.წ. უშიშროების სამსახური იმუქრება:
"იმ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში ნაციონალისტურ და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენლობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები უნდა იყოს და იქნება დასჯილი, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი" - ნათქვამია განცხადებაში.
ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლის გატაცების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სუს-მა 12 დეკემბერს გაავრცელა. ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ამბობენ, რომ მას წამება და სიკვდილი ემუქრება სწორედ იმის გამო, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო. ისინი გეგმავენ სტრასბურგს მიმართონ დაჩქარებული წესით, იმისთვის რომ გამოსცეს ჩხიკვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების გადაწყვეტილება და დააკისროს რუსეთს მისი აღსრულება.