ოპოზიცია პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე - ვინ აპირებს ზურაბიშვილთან მისვლას

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ოპოზიციაში საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვთ. 

მიწვევაზე მთავარი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს, მათ კი ვინც წასვლას აპირებს, იმედი აქვთ, რომ ეს იქნება ერთგვარი მოთელვა ეროვნული შერიგების პროცესში.

ენმ-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი შეხვედრაზე მისვლის აზრს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ახლა "ოცნებაც" და ოპოზიციაც არა საახალწლო მიღებებზე, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ.

"არ გამიგია, რომ ჩვენები აპირებენ იქ წასვლას და ვერც ვხედავ რაიმე აზრს, რომ ასეთ შეხვედრებზე მივიდეთ. ჩვენ ახლა საახალწლო მიღებებზე კი არ უნდა დავდიოდეთ, არამედ უნდა ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია იმისათვის, შევათანხმოთ გზები, როგორ უნდა დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, არსებულ ვითარების გათვალისწინებით, თვლის, რომ ურთიერთობის ამგვარი ფორმა "ქართულ ოცნებასთან" მისთვის ადეკვატური არ არის, თუმცა ამავე დროს, არ სურს, პრეზიდენტმა ეს "კარის მიჯახუნებად" აღიქვას. 

"ვერ მოვიტყუებ თავს და ვერ ვითამაშებ, რომ დღეს არის ვითარება, სადაც მე შემიძლია, რომ მივიდე საახალწლო წვეულებაზე და ეს ფორმა ურთიერთობის, მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" ადეკვატური იყოს ჩემთვის. ამავე დროს, არ მინდა, პირველ რიგში პრეზიდენტის მხრიდან ეს იყოს აღქმული, როგორც რაღაც კარის მიჯახუნება. მე სულმოუთქმელად ველოდები იმ საუბარს, რომელიც ჩვენ წინ წაგვიყვანს მისი ინიციატივის შინაარსში", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება მიმდინარეობს და არსებულ პირობებში სიმულაციის მომხრე არაა.

შეხვედრაზე მისვლას აპირებს "სტრატეგია აღმაშენებელი" - სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ეს აუცილებელია იმ დიალოგის გასამართად, რომელსაც პრეზიდენტი ოპოზიციას სთავაზობს. 

მიღებაზე მივა დეპუტატი არმაზ ახვლედიანიც.

ცნობისთვის, 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს "ინკლუზიურ პროცესს,  საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ". 

საპასუხოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა მას და გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა შესთავაზა. მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება სწორად დანახული დინამიკაა და თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. 

სალომე ზურაბიშვილმა მისი ინიციატივა პატრიარქსაც გააცნო და კურთხევა სთხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი