
"მოგვიყევით დეტალურად, რა მოხდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ვინ, როგორ და რანაირად განახორციელა ძალადობა" - ამ კითხვით მიმართა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრს.
გარდა ამისა, დეპუტატმა რატი ბრეგაძეს სთხოვა, წარმოადგინოს მიხეილ სააკაშვილის წერილობითი თანხმობა გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით.
"საუბრობდით იმაზე, რომ რაღაც განახლებული მეთოდებით მართავთ თურმე ციხის სისტემას. მე არ ვიცოდი, რომ არაფორმალური კრიმინალური ქსელების მიერ ციხის ადმინისტრირება, რაც მუდმივად არის დაფიქსირებული ყველა საერთაშორისო შეფასებაში, ინოვაციური მიდგომა იყო ციხის მენეჯმენტის, მაგრამ ალბათ, პასუხებში განგვანათლებთ და აგვიხსნით, როგორ არის კრიმინალების მიერ მართული ციხე ინოვაციური ჩვენს რეალობაში.
რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს, მაქვს კონკრეტული შეკითხვა - რომ გამობრძანდებით ამ ტრიბუნასთნ, მინდა, წარმოადგინოთ წერილობითი თანხმობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს გაცემული მის გადაყვანაზე გლდანის დაწესებულებაში. თუ ასეთი თანხმობა არ აქვს მას გაცემული, ასეთი საბუთი დღემდე ვერ მოიპოვა ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის სახალხო დამცველმა, მგონი თავად გესმით, რასთან გვაქვს საქმე.
ყველამ ვიხილეთ და სახალხო დამცველმაც აღწერა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან და დადგენილია, რომ მას აქვს პოსტტრავმული სინდრომი. მოგვიყევით დეტალურად, რა მოხდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ვინ, როგორ და რანაირად განახორციელა ძალადობა. ასევე, ვინ გასცა ბრძანება, რომ გასაჯაროვებულიყო მესამე პრეზიდენტის ფარული ჩანაწერები, რაც არის მისი ყველანაირი უფლების დარღვევა", - მიმართა სალომე სამადაშვილმა რატი ბრეგაძე.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.