ოპოზიცია მოწადინებულია დაარღვიოს რვა მარტის შეთანხმება და ამას პოლიტიკურად თამაშობენ - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

„დასტურდება უკვე, რომ მოწადინებულები არიან დაარღვიონ რვა მარტის შეთანხმება და ამას პოლიტიკურად თამაშობენ“, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ერთობლივ წერილს ეხმაურება, სადაც ხელისუფლების ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ და გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციულ კამპანიას გმობენ.

ოხანაშვილი ოპოზიციას შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რურუას საქმით ცდილობენ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.

დასტურდება უკვე, რომ მოწადინებულები არიან დაარღვიონ რვა მარტის შეთანხმება და ამას პოლიტიკურად თამაშობენ და ინსცენირებას ახდენენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვინმე რურუას გათავისუფლებას შორის დასვან ტოლობის ნიშანი და რომ იცოდეთ სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი თავისუფლების აღკვეთით პოლიტიკოსის ჩარევა და ზემოქმედება მოსამართლეზე. ეს ადამიანები გვთავაზობენ იმას, რომ ვინმემ გაბედოს და ჩაიდინოს დანაშაული, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები მზად არიან მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს. დღევანდელ ერთობლივ განცხადებაში მათ მთავრობას შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი