ზალკალიანი ამბობს, რომ ღარიბაშვილისა და ესტონეთის პრემიერის შეხვედრისას მოსმენებზე ისაუბრეს, თუმცა "ანგარიში არავის მოუთხოვია"

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ ესტონეთის და საქართველოს პრემიერმინისტრების შეხვედრისას დიპლომატების ფარულ მოსმენებზე ისაუბრეს, თუმცა უარყოფს, რომ კაია კალასმა ღარიბაშვილს ანგარიში მოსთხოვა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრა "გულწრფელი" და "მეგობრული" იყო.

"მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, იყო ძალიან გულწრფელი, მეგობრული საუბარი ყველა იმ დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. პრემიერმინისტრის მხრიდან იყო ამომწურავი ინფორმაცია მიწოდებული, რაც მას აინტერესებდა, მათ შორის, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, იცით თქვენ, რომ ღიაობაა სრული დაფიქსირებული, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ, მათ შორის, საგამოძიებო მიმართულებით თანამშრომლობა განხორციელდეს. არანაირი ტაბუდადებული თემები მეგობრებს შორის არ არის. იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. არ მოსთხოვა ანგარიში! ეს რა კითხვაა? იქ ვიყავი და მეუბნებით ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ ყოფილა! გითხარით, როგორც იყო",-თქვა ზალკალიანმა.

ესტონური მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა პრემიერ ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, 2 ქვეყნის პრემიერის საუბარი თბილ ატმოსფეროში წარიმართა, თუმცა კალასმა ისიც აღნიშნა, რომ განიხილებოდა უფრო რთული თემებიც - "მე ვთქვი, რომ ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, ეცადეთ დაძლიოთ განხეთქილება საზოგადოებაში" - თქვა კალასმა.

ცნობისთვის, სუს-დან გაჟონილ ათასობით ფაილში - მრავლად არის დოკუმენტები, კრებსები, რომლებიც დიპლომატიური მისიების თანაშრომლებს შეეხება. ამასთანავე, საუბრების შინაარსში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველოში უსმენენ ყველა დიპლომატს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი