"ასეთი განცხადებები კეთდებოდა იანუკოვიჩის მხრიდან" | ოპოზიცია დიპკორპუსის მიმართ ღარიბაშვილის განცხადებას სახიფათოდ აფასებს

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა" - დიპლომატიური კორპუსის მისამართით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას ოპოზიცია სახიფათოდ აფასებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ასეთი განცხადებები საქართველოს ეროვნულ და სტრატეგიულ ინტერესებს ზიანს აყენებს.

"ღარიბაშვილის ეს განცხადება არის ძალიან სახიფათო, მათ შორის, ასეთი განცხადებები კეთდებოდა იანუკოვიჩის მხრიდან, როდესაც იგი საუბრობდა იმაზე, რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ უფლება, შეეფასებინათ უკრაინაში არსებული მდგომარეობა. ღარიბაშვილის იმიჯი კარგად ვიცით საერთაშორისო ასპარეზზე, კარგად ვიცით მათ შორის ის სკანდალური განცხადებები და ზიზღის ენა, რომლითაც იგი გამოირჩევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო აგრესიული ენის მქონე პრემიერმინისტრი. ამიტომ, ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ასეთი განცხადებები სახიფათოა საქართველოს ეროვნული და სტრატეგიული ინტერესებისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო მტერთან პირისპირ", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილი შეფასებით, პრემიერმა დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარტნიორების მეგობრულ რჩევებს არ ითვალისწინებს.

"პრემიერის დღევანდელი განაცხადი არის პასუხი ამაზე, რომ არ აპირებს მიიღოს ის მეგობრული რჩევები, რაც მოისმინა ბრიუსელში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ღიად გამოაცხადა, რომ ჩიხში შეჰყავს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი. ხელცარიელი იმიტომ ჩამოვიდა ბრიუსელი ღარიბაშვილი, რომ დღევანდელ ხელისუფლებას შეუსრულებელი აქვს ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს დასავლეთის წინაშე და ამის შედეგად ფერხდება, მათ შორის, ჩვენი ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესი", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საზოგადოებას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატივი უნდა სცეს. ასევე აღნიშნა, რომ "როდესაც საქმე კანონის დაცვას ეხება, ნებართვას არავის შეეკითხება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი