
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს არ ეთანხმება და კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცესკო ძალიან კარგად მუშაობს და ამის მაგალითად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მოჰყავთ.
"ცესკოს ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, რომელმაც არჩევნები თავის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა უმაღლეს დონეზე, შენიშვნებიც კი არ ყოფილა ამ მიმართულებით. მინდა მას და მის გუნდს მადლობა გადავუხადო არჩევნების კარგად ჩატარებისთვის", - ამბობს კახა კალაძე.
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას დღეს გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ ერთი "არასაჭირო ნაბიჯია", რომელიც დაშორებულია ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.