სასულიერო პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების შემდეგ სუს-ი ოპოზიციის წარმომადგენლებს იბარებს. „ახალი საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს საქალაქო სასამართლოში კითხავენ. ის სუს-ში წინა კვირას დაიბარეს, თუმცა, მან მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.
ფუად გახრამანოვს ეჭვი აქვს, რომ სუს-ი რასისტული დისკრიმინაციის ნიშნით დაწყებულ გამოძიებას, რეგიონში წინასაარჩევნოდ დაშინებისთვის იყენებს.
წინა კვირას სუს-ში ვიყავი დაბარებული და მე უარი ვთქვი იქ დაკითხვაზე, რადგან სასამართლოს უფრო ვენდობი, ვიდრე სუს-ს. ზოგადად, გაუგებარია ნარიმანოვის ძეგლის თემაზე მე რატომ მიბარებენ. არც ძეგლის რეაბილიტაცია ჩამიტარებია და არც რეაბილიტაციის ჩამტარებლის მიმართ მქონია ულტიმატუმი. ვინც ულტიმატუმის ენით ლაპარაკობდა ის არ იკითხება სუს-ში და მე მიბარებენ. ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და აქ გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი, - ამბობს გახრამანოვი.
პანდემიის მარნეულის მერის ინციატივით მარნეულის ცენტრში მდებარე ნარიმან ნარიმანოვის სახელობის ძეგლის რეაბილიტაცია მოხდა. ზუსტად ამის შემდეგ, მარნეულში ეპისკოპოსმა მამა გიორგიმ ქადაგებისას მარნეულის მერს ულტიმატუმი წაუყენა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და ძეგლის აღება ურჩია, რადგან ნარიმანოვი ბოლშევიკების წარმომადგენელი იყო. დაკითხვების სერიებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.