გზა, რომელიც რუსეთში მიდის - განადგურებული ხადას ხეობა

გამოქვეყნდა:

ხადას ხეობაში ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობა ბოლო ხანს განსაკუთრებით გააქტიურდა. 

გზის მშენებლობასთან ერთად ხადელების პირობები კიდევ უფრო გაუარესდა, ქონების დაკარგვის სანაცვლოდ კომპენსაცია ან საერთოდ ვერ მიიღეს ან ზარალი მინიმალურად აუნაზღაურეს. სამაგიეროდ დაკარგეს შემოსავლის ძირითადი წყარო - სათიბი ტერიტორია. მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო გზა თითქმის გაუვალი გახდა, დასკდა სასმელი წყლის მილებიც.

სოფელ წკერეში კი სულ რამდენიმე კვირაა დაანგრიეს საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვით ნაშენი მთიულური სახლი, მის ადგილას ახლა მძიმე ტექნიკა მუშაობს.

საგზაო დეპარტამენტის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ სახლის დაშლა მეპატრონესთან კომუნიკაციის შემდეგ მოხდა, თუმცა ნიკო ზაქაიძეს სახლის დემონტაჟზე უარიც, რომ ეთქვა დიდი ალბათობით ვერაფერს გახდებოდა.

საგზაო დეპარტამენტი ირწმუნება იმასაც, რომ ახალი მაგისტრალი ხეობას ტურისტულად და ეკონომიკურადაც განავითარებს, მაგრამ ადგილობრივები ყველაზე უკეთ ხვდებიან რომ პროექტი არა მათ, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებსაა მორგებული

გზების დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ პროექტის საბოლოო ჩამოყალიბებამდე უცხოური ექსპერტების ჩართულობით არაერთი კვლევა ჩატარდა, მაგრამ დეპარტამენტის თანამშრომლები არცერთ კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას და ექსპერტს არ ასახელებენ. ხეობის ნგრევას კი იმ მიზეზით ასაბუთებენ, რომ საერთაშორისო ტვირთბრუნვა გაიზრდება და გუდაურის ეკოლოგია გაუმჯობესდება. 

გზა, რომელიც მხოლოდ რუსეთში მიდის, მილიარდ ორასი მილიონი ლარი ჯდება.

პროტესტის, საჩივრების, სახელმწიფო და საერთაშორისო დავების მიუხედავად აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებით დაფინანსებული გზა მაინც შენდება. ხეობის იერსახე უკვე დამახინჯებულია და ჯერ არავინ იცის რა დაემართება ხადას ხეობას 23 კილომეტრიანი გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობის შემდეგ. მშენებლობა 2024 წლამდე უნდა დასრულდეს, მაშინ გამოჩნდება რა დაუჯდება საქართველოს კიდევ ერთი გზა, რომელიც ოკუპანტ, მაგრამ ერთმორწმუნე მეზობელ სახელმწიფოსთან მიდის.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი