შედგება თუ არა ეროვნული თანხმობა - პრეზიდენტი მის მიერ საერთაშორისო სამიტზე გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს სალომე ზურაბიშვილი ხვალიდან ინდივიდუალურად შეხვდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შერიგების ინიციატივა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად სასარგებლოა, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან წინაპირობების გაჟღერების შემდეგ, ნაკლებად აქვთ იმედი, რომ პროცესი შედეგს გამოიღებს.
მათივე თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია ძირითად საკითხებზე შეთანხმება, რაც სამართლიან სასამართლო სისტემას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ქვეყანაში დემოკრატიის წინსვლისთვის საჭირო სხვა ძირითად რეფორმებს უკავშირდება.
"ჯერ უნდა მოვისმინოთ, რას ფიქრობს პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი არის ერთ-ერთი უმთავრესი, სადაც ყველა ვთანხმდებით პრაქტიკულად. ამიტომ, ეს არ არის შერიგება, ეს არის რეალურად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა გარკვეული თამაშის წესების შეთანხმებაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხი აქ არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც პოლიტიკური მართლმსაჯულება და ისევე როგორც ძალიან მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში თითოეული თანამოქალაქის", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, აუცილებელია, საზოგადოებამ, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშწორება არ სურს, ხელისუფლება აიძულოს, "პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს".
"პრეზიდენტის ამ ინიციატივას, რომელიც ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას, ქვეყნის დამშვიდებას და დაწყნარებას, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს და მას საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს. "ქართული ოცნება" და მისი მხარდამჭერები ბუნებრივია, ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, ხომ გახსოვთ "ქართული ოცნების" პოზიცია როგორ იცვლებოდა კარდინალურად, როდესაც საზოგადოება დგებოდა ერთად და იყო კონსოლიდირებული. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ქვეყანაში ჯანსაღმა ნაწილმა იმ ადამიანების, რომელსაც არ სურს ეს დაპირისპირება, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, გადმოვიდეს პოზიტიურ რელსებზე", - თქვა დავით კირკიტაძემ.
ცნობისთვის, 10 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ წამოიწყებს "ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება".