სასამართლოს გზით მისაკუთრებული დიდუბის ავტოსადგური - საქმის დეტალები "მთავარმა" გაარკვია

გამოქვეყნდა:

სასამართლოს გზით მისაკუთრებული დიდუბის ავტოსადგური - პირველმა ინსტანციამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს მტკიცებულებების გარეშე ავტოსადგურის საკონტროლო პაკეტი დაუკანონა.

დიდუბის ავტოვაგზლის შესახებ დავა 2018 წელს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ჩხაიძემ დაიწყო. სარჩელი, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა ავტოვაგზლის საკონტროლო პაკეტის მფლობელის ვანო ჭოლაძის წინააღმდეგ შეიტანა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

ზურაბ ჩხაიძემ დიდუბის ავტოვაგზლის მთავარი მეწილის 76,78 პროცენტიდან სადავო 47,43 პროცენტი გახადა. ვანო ჭოლაძე დიდუბის ავტოვაგზლის აქციების საკონტროლო პაკეტს ოფიციალურად 2000 წლიდან ფლობს, თუმცა მოსამართლემ ანა ჩოგოვაძემ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ აქციები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის.

დიდუბის ავტოვაგზლის დაფუძნების დღიდან ერთადერთი მმართველი ვანო ჭოლაძეა. დოკუმენტში ჩანს, რომ სააქციო საზოგადოების მენეჯმენტის ჩამონათვალში ავთანდილ ჩხაიძის გვარი საერთოდ არ ფიგურირებს. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ირიბად ან პირდაპირ დაადასტურებს, რომ აქციების დიდი ნაწილი ზურაბ ჩხაიძეს ეკუთვნის.

უდავო ფაქტობრივ გარემოებად ცნო სასამართლომ ავთანდილ ჩხაიძის მიერ ვანო ჭოლაძისთვის ნასესხები 180 ათასი დოლარიც, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მისივე მტკიცებით, აქციების პირადად შესყიდვის მიზნით 2000 წელს გადასცა. მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ იმ დროს ავთანდილ ჩხაიძეს აქციების შეძენის ინტერესი არ ჰქონია. ის, რაც დიდუბის ავტოვაგზლის საკონტროლო პაკეტის მფლობელისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა - სასამართლომ განუხილველად დატოვა.

2012 წელს საქმეში ჩნდება ვალის აღიარებისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვანო ჭოლაძეს, ავთანდილ ჩხაიძის ვალი მილიონი აქვს. დოკუმენტით დგინდება, რომ დიდუბის ავტოსადგურის საკონტროლო პაკეტის მფლობელს ასევე დაგირავებული აქვს მის საკუთრებაში არსებული აქციების 38,35 პროცენტი. ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ორ აგვისტოს გასდის. თუ ვანო ვანო ჭოლაძე ავთანდილ ჩხაიძეს ვალს სრულად არ დაუბრუნებს, მას ამ წილების დათმობა მოუწევს.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოზე ზეწოლას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. ჭოლაძის ადვოკატები ამბობენ, რომ ამ რთული სამართლებრივი სქემის უკან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დგანან.

რაც შეეხება ძალოვანი უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს, ზურაბ ჩხაიძე „მთავარი არხის“ კითხვებს არ პასუხობს. საქმე განსახილველად მეორე ინსტანციას გადაეცა. სააპელაციო სასამართლო დიდუბის ავტოსადგურის აქციებზე მსჯელობას უკვე 12 ივნისს გამართავს. უცნობია, დატოვებს თუ არა ძალაში მეორე ინსტანციის სამი მოსამართლე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი