"ქართული ოცნება" კორუმპირებულია - საზოგადოებრივი კვლევის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ გაასაჯაროვა. გამოკითხული 1800-მდე პირიდან უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკები თანამდებობას ბოროტად იყენებენ, საკუთარი ახლობლების ბიზნესს მფარველობენ და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ.
ქართული ოცნების რვა წლიანი მმართველობის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებში კორუფციისა და ნეპოტიზმის არაერთი გახმაურებული საქმეა ცნობილი. მათ შორის არის დღგ-ეების სკანდალი, სადაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბიუჯეტიდან 700 მილიონის მითვისებას ედავებიან. ამ დრომდე ეს საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის.
გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში უპირატესობა თანამდებობის პირებთან დაახლოებულ კომპანიებს ენიჭებათ.
მესამე სექტორში ხშირად საუბრობენ, რომ მილიონიან ტენდერებს ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიები უკონკურენტოდ იგებენ. მაგალითად, კომპანია „ჯეუ გრუპი“ რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაუსრულებლად და ხარვეზებით ახორციელებს. კომპანია, რომელმაც ბიუჯეტიდან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 160 მილიონი ლარი მიიღო, ირკვევა, რომ ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია. მისი დირექტორები მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ ფულს სოლიდურად სწირავდნენ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ,რომ ხელისუფლების კორუმპირებულობაში ღიად მხილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მძიმედ აისახება.
გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის,რომ როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ეხება, კორუფციის შემთხვევების შესაბამისად გამოძიება არ ხდება.
საგამოძიებო უწყებების არაეფექტურობაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. 2015-2017 წლებში პროკურატურაში შესული 1 200-ზე მეტი საქმიდან გამოძიებულია მხოლოდ ამ საქმეების 12%.
ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად,მმართველ გუნდში ამტკიცებენ,რომ კორუფცია მათი მმართველობის სტილი არ არის.
შესაძლო კორუფციულ ფაქტებსა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ფლანგვაზე აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშებშიც ბევრი წერია.
როგორც თბილისში ასევე რეგიონებში კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ან დაგვიანებით ხორციელდება, ან საერთოდ უვარგისია.
კორუფციულ საქმეებზე ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი გამოძიებას დიდი ხანია ითხოვს, თუმცა პროკურატურაში სამოხელეო დანაშაუალით ნაკლებად ინტერესდებიან.