უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობას ყიდიან. დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ანტისანიტარია და მოუვლელი შენობა - ქუთაისის პარლამენტის შენობა სავალალო მდგომარეობაშია.
სამოქალაქო აქტივისტები ისევ ფიქრობენ, რომ ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანა შეცდომა იყო. მიუღებელია პრემიერის განცხადებაც შენობის შესაძლო გაყიდვაზე.
ადგილობრივი აქტივისტების შეფასებით, ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ ქალაქმა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაც დაკარგა, რამაც სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა.
პარლამენტის ყოფილი შენობა რომ შესაძლოა ხელისუფლებამ გაყიდოს, პრემიერმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა. ამით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება კიდევ ერთხელ შეცვალა და არ აპირებს, შენობაში პოლიციის აკადემია ან 112 განთავსდეს.
წელიწადი და 5 თვეა, რაც ამ შენობაში საპარლამენტო ცხოვრება დასრულდა. ბოლო სხდომა 2018 წლის დეკემბერში გაიმართა. მას შემდეგ აქ კანონმდებლები აღარ შეკრებილან და არც ერთი ინტერვიუ აღარ ჩაუწერიათ დეპუტატებთან ჟურნალისტებს. შენობამ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების მომენტიდან პარლამენტის სტატუსიც დაკარგა. საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა ქუთაისმაც.
ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ მოსწონთ ქუთაისელებსაც. ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ მას შემდეგ სამსახურების საძებნელად ახალგაზრდები ტოვებენ ქალაქს და თბილისში მიდიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ქუთაისს მომავალი წაართვა.
საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში 2012 წლის პირველ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ გადავიდა. საკანონმდელო ორგანომ იქ მხოლოდ 6 წელი იმუშავა. 2019 წლის 1 იანვრიდან კი პარლამენტი ქუთაისში აღარ მუშაობს და მთლიანად თბილისში გადმოვიდა. მმართველი გუნდის განმარტებით ქუთაისში მუშაობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.