თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს შესაძლებლობას, მონაწილეობას მიიღებს ყველა სასამართლოში - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის ფუნდამენტური პრობლემები აქვს და ის რეაბილიტაციას აგრძელებს. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია და წინასწარ ძნელია თქმა შეძლებს თუ არა ის მომდევნო სასამართლო პროცესზე დასწრებას.

"ბუნებრივია შევეხეთ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ამ კვირაში გაიმართება და ვისაუბრეთ ამ პროცესებში მონაწილეობაზე, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს მას შესაძლებლობას, ის მონაწილეობას მიიღებს ყველა "სასამართლო განხილვაზე" რაც მიმდინარეობს ქართულ სასამართლოში მის მიმართ.

ასევე, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ხვალინდელ აქციას, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ქართული საზოგადოების მშვიდობიანი, მძლავრი და მწყობრი პროტესტი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი განცხადებით, თითოეული დღე, როცა მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია ქართული საზოგადოების სირცხვილია. 

რაც შეეხება სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლას - დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ყოფნა რომ სდომოდა, საქართველოში არ დაბრუნდებოდა და რისკების მიუხედავად ამჯობინა, რომ ქართველი ხალხის გვერდით უნდა ყოფილიყო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 დეკემბერსაა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი