
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია მივიდა.
პალატაში შესვლამდე ნაყოფიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრებს 21 დეკემბრის აქცია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და სამომავლო გეგმებია.
"რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიდხანს ვერ გაგრძელდება, როდესაც ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს შემქმნელი საპყრობილეშია და პირადი პატიმარია პუტინისა და ივანიშვილის და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვისაუბრებთ იმ გზებზე, როგორ უნდა გათავისუფლდეს ის. ეს არის მთავარი თემა ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის იყოს გარეთ ძალიან მალე",- თქვა კობა ნაყოფიამ.
კობა ნაყოფია მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივას, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ფაქტს პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ოპონენტების დევნის შეწყვეტაა.
"პოზიტიურად ვაფასებ ყველანაირ ასეთ მცდელობას. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელს შეუწყობენ პოლარიზაციის შემცირებას, თუმცა ვერანაირი პოლარიზაციის შემცირება ვერ მოხდება, თუ მთავარი ოპოზიციური ლიდერის, პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება",- აღნიშნა ნაყოფიამ.
კობა ნაყოფიამ ცენტრ "ემპათიას" დასკვნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თავად ამ დასკვნას ენდობა.