
გადაიყვანენ თუ არა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სხვა დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის ეფექტური რეაბილიტაციის კურსის ჩატარება კვლავ უცნობია.
ალტერნატიული კომისიის ექიმები მიიჩნევენ, რომ პაციენტის რეაბილიტაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუძლებელია, რადგან იქ არც შესაფერისი გარემოა და არც კვალიფიციური ფსიქო-რეაბილიტოლოგი.
მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა, საჭიროების შემთხვევაში არ გამოირიცხება საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა.
მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარდა, ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ სხვა პრობლემებიც გამოიწვია და ითხოვენ, რამდენიმე დამატებითი კვლევის ჩატარებასაც, რაც ჯერ ჯერობით ისევ შეუსრულებელი რჩება.
"სამწუხაროდ, 1-თვიანი კურსი გორის ჰოსპიტალში ვერ ჩაითვლება ნეიროფსიქოლოგიური მიმართულებით ეფექტურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა სპეციალურ ნეირორეაბილიტაციის კლინიკაში ნევროლოგიური მკურნალობისა და რეაბილიტაციის გავლა. თუკი ასეთი კლინიკა არ აღმოჩნდება საქართველოში, პაციენტის კონსტიტუციური უფლებაა, თავისი ჯანმრთელობისათვის მოიძიოს საუკეთესო შესაძლებლობები",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის აუცილებელი და სასწრაფო.
"დაავადება, რომლის დიაგონისტიკა მოხდა შიმშილობიდან პირველი 20 დღის მერე, არსად გამქრალა. სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, დღეს მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობა არასრულფასოვნად იქნა ჩატარებული და ახლა საჭიროებს სწორ რელსებზე გადაყვანას, რაც საქართველოში შეუძლებელია",- აღნიშნავს ოთარ თოიძე.
"ემპათიას" შემაჯამებელი დასკვნა კი რომელსაც ხელს 8-ვე ექსპერტი აწერს, დღეიდან იურიდიულად ძალაში შევიდა. დასკვნას სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს დაურთავენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.