
მასობრივი საპროტესტო შიმშილობა დაწყებულია - დღეიდან პოლიტიკური პროტესტის მთავარი ეპიცენტრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, უვადო შიმშილობას ენმ-ის თავმჯდომარე იწყებს. ნიკა მელიას ინფორმაციით, მასთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს, მათ შორის პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, მაგრამ ეს შედეგები იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის კი არა პოზიტიური, საზოგადოებისთვის პირველ რიგში. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება. ისტორიულია უსამართლობა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გყავს დატყვევებული", - თქვა ნიკა მელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეზოში უკვე გაშლილია ათამდე კარავი, სადაც დღეიდან მოშიმშილეები კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს ელოდებიან.
"ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის შიმშილობა. ბევრი, ასეულობით ადამიანი და შეიძლება უფრო მეტიც ჩაერთოს ამ პროცესში. რამდენიმე საათი გავიდა ინიციატივის გამოცხადებიდან და ძალიან დიდია სურვილი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამ პროტესტი გამოხატვის", - თქვა პარტიის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
ამავე თემაზე: