მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები - საქართველოს გენერალური პროკურორი ამერიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება და საარჩევნო გარემოზე ნეგატიური გავლენა - გენერალურმა პროკურორმა და ამერიკის ელჩმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ირაკლი შოთაძესთან კელი დეგნანმა საქართველოში არსებული სიტუაცია და საარჩევნო დანაშაულებებზე პროკურატურის როლი განიხილა.  

არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე "ოცნების" ხელისუფლების პროკურორთან ამერიკის ელჩის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, დასავლელმა პარტნიორებმა ხელისუფლება პირდაპირ გააფრთხილეს, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

გაფრთხილება იყო ქართული ოცნებისთვის ძალიან ნათელი სიგნალი, რომ იგივე მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევა, ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" და ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების შესაბამისი უწყებები ამ გზავნილს უნდა მოეკიდონ ძალიან სერიოზულად, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიციის მტკიცებით, რომ აშშ-ს ელჩმა პროკურატურაში იმ თემებზე ისაუბრა, რომელთაც საერთაშორისო მოხსენებებში ხშირად განიხილავენ. 

ეს არის სერიოზული პრობლემატური თემები, იმიტომ, რომ პირდაპირ უკავშირდება ძალადობას, რომელიც არჩევნების დროს არის ხოლმე, პირდაპირ უკავშირდება სხვადასხვა არალეგალურ ქმედებებს და მერე რეაგირების არქონას და ზოგადად გარემოს, რომელიც წინასაარჩევნოდ არის ხოლმე შექმნილი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ სწორი, ძლიერი და მკაფიო გზავნილები იყო ამერიკის ელჩის მხრიდან, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი სერგი კაპანაძე

პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენლის დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, 2020-ის არჩევნებისადმი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი არის უპრეცედენტო. 

მე არ მგონია, რომ ჩვენს მთავარ პარტნიორს არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს საქართველოს პროკურატურა, ვისი დანაყოფია, ვისგან იმართება რეალურად და როგორ მუშაობს, ამიტომ თავისთავად ფაქტი არის მისასალმებელი, - ამბობს გირჩის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

მისი მოსაზრებით, კელი დეგნანი "ამერიკული პირდაპირობით" დაუყენებდა საკითხს ირაკლი შოთაძეს, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა და მათ შორის პროკურატურა რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი