"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო შიმშილობას აგრძელებენ. მოთხოვნა ერთია - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. პროტესტის მონაწილეები მხარდამჭერებს დღეს რეგიონებიდანაც ელოდებიან.
ენმ-ის ოფისთან შიმშილობა დაიწყო უკრაინის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარმა, მამა რამინ თარაშვილმაც.
"თუკი რაიმე კარგი, თანამედროვე და ცივილიზებულია დღეისათვის ჩვენ ქვეყანაში, ეს მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულია და სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას მასზე არაფერი დაუმატებია, გარდა კრიმინალური დანაშაულებებისა. ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები, სახელმწიფო ინსტიტუტებს ვგულისხმობ, არის ჩამოშლილი, და ჩვენ ქვეყანას მიაქანებენ რუსის ჩექმის ქვეშ, კლავენ დემოკრატიულ ფასეულობებს და იმ შანსს და მომავალს უკლავენ ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ევროინტეგრაციის გზა ჰქვია", - თქვა მამა რამინ თარაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მასთან ერთად 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს.