
საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრები გრძელდება. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილს პარტია "დროას" ლიდერი ხვდება.
როგორც ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის გადაჭრის გარეშე, ქვეყანაში კრიზისის დასრულება შეუძლებელია.
"რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ხედვა, ოპოზიციური ხედვა, თუ რა იქნება ქვეყანაში ეროვნული თანხმობისთვის აუცილებელი, თუმცა პირველი - თავს შევიკავებ შეხვედრამდე ამაზე საუბრისგან, რადგან ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. ეს არის პროცესი, სადაც ყველა ვტვირთავთ შინაარსით და მეორე - ისიც კარგად გვესმის, რომ "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე, რის ვერცერთ ნიშანსაც მე ახალ ვერ ვხედავ, სრული ეროვნული თანხმობის მიღწევა იქნება შეუძლებელი.
ბევრი კომპონენტია, რომელიც გავლენას ახდენს. პირველი - საგარეო საფრთხეები, რაც გვაქვს გვესმის, ლავროვისგან, უკრაინის გარშემო, საქართველოს გარშემო, ნატოში ინტეგრაციის გარშემო, მუქარები პირდაპირი, ეს არის ის თემა, სადაც ყველა ნორმალური ქვეყანა კონსოლიდირდება. მეორე - სააკაშვილის და ზოგადად პოლიტიკური დაჭერების თემა არის ძალიან მწვავე და აღრმავებს კრიზის, მასობრივი შიმშილობაც არის კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხე. პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის გადაჭრის გარეშე შეუძლებელია, მუდმივი კრიზისების მოლოდინში ან ისეთ ქვეყანაში არ ვიცხოვროთ, სადაც მუდმივად არის უსამართლობის განცდა. გამოსავალი რა არის და პრეზიდენტს რა შეუძლია, ამას კარგად უნდა მოვუსმინოთ", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებმა კითხვები პრეზიდენტსაც მიმართეს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხათ: "გირჩევთ, მეორე მხრიდან, თბილად იქნებით, დარბაზი არის თქვენთვის მოწყობილი. აქ ტყვილა სიცივეში დგახართ".
ცნობისთვის, ორბელიანების რეზიდენციაში დღეს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესაც ელოდებიან. მომდევნო კვირაში სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია შეხვდება.