
საქართველოს მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივდა. გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
საკითხს მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის ინიციატორი "ქართული ოცნება" იყო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილი ამ ცვლილების მიზანია, "2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება".
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
დღევანდელი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ მთავრობას 2023 წლამდე ექნება უფლება, პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყანაში ისეთი შეზღუდვების დაწესებაზე, როგორიცაა მაგალითად ე.წ. კომენდანტის საათი, ლოქდაუნი და სხვა.