
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და სათანადო რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც ნაყოფია ამბობს, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
"აშკარად საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროცესი, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს და აქ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება უცხოელი ექიმების ჩართულობა, რომლებსაც ველოდებით, რომ ჩამოვლენ.
ფიზიკურად გადაადგილებაც უჭირს, სუსტად არის, თუმცა როგორც ყოველთვის, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კარგ პოლიტიკურ ფორმაში, ის აკვირდება ყველა პროცესს, სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც შიმშილობა გამოაცხადა. ძალიან ნერვიულობს, განიცდის ამ ადამიანებზე, ამავე დროს აღფრთოვანებულია მათი თავგანწირვით და დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება",-თქვა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს ენმ-ს ოფისთან მასობრივი საპროტესტო შიმშილობა დაიწყო მთავარი მოთხოვნით -გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან.
პარტიის სხვა წევრებთან ერთად, შიმშილობს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. მოშიმშილეებს უერთდებიან რეგიონებიდანაც.