
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოს პატრიარქს საპატრიარქოში შეხვდა, როგორც გახარიამ თქვა, მან ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა. შეხვედრის დეტალებზე გახარიას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, მან პირველად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და თქვა, რომ ახლა ქვეყანაში "პოლიტიკურ პროცესში განსაკუთრებული არაფერი ხდება".
"ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში, მოგეხსენებათ ახალი პარტია გვაქვს და ბევრი საქმე და სამუშაოა, ამიტომ, ბევრი გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული ახლა პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები, დღეს არის პრიორიტეტი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ",-თქვა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება ეროვნული თანხმობის საკითხზე პრეზიდენტის ინიციატივას, გახარიამ თქვა, რომ პროცესს "ფრთხილი ოპტიმიზმით" უყურებს, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროცესში პრეზიდენტს ყველამ ხელი უნდა შეუწყოს.
"საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, ყველა უნდა ვეცადოთ, ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ, იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ის შესაძლებლობები გვაქვს, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები ყველაფერ იქნებ განსაზღვრული იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში [დავეხმაროთ] ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ",-თქვა მან.
გიორგი გახარია ასევე მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით მას აზრი არ შეუცვლია. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული შეთანხმება არა კონკრეტული პირების, არამედ ზეპარტიულ საკითხებზე უნდა მოხდეს.
"კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, აფერხებს შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სიტემა, დეოკუპაცია და უამრავი რამ",-თქვა გახარიამ.
რაც შეეხება მოშიმშილეებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ, გახარია ამბობს, რომ პროტესტის ეს ფორმა იმ შედეგს ვერ გამოიწვევს, რაც ქვეყანას სჭირდება.