„ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკას კონგრესმენები არ წყვეტენ - ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებისგან სანქციების დადებას ელის
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის გაკრიტიკებას ამერიკელი კონგრესმენები აგრძელებენ. ვაშინგტონიდან მწვავე კრიტიკა ამჯერად რესპუბლიკელმა პიტ ოლსონმა გააჟღერა და ივანიშვილის ხელისუფლება კორუფციაში დაუფარავად დაადანაშაულა.
ბრაიან ბაბინმა კი გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ მათ მოწოდებებს არ გაითვალისწინებს, კონკრეტული პირების მიმართ სანქციებით გამოყენებაც შესაძლებელია.
ვაშინგტონის კრიტიკას კი „ქართულმა ოცნებამ“ ღია ომი გამოუცხადა.ე.წ ურჩმა დეპუტატებმა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრები პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს.
ვაშინგტონიდან მიღებულ მორიგ უმწვავეს სიგნალებს კი მალევე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ირკვევა, რომ არსებობს მორიგი უმწვავესი წერილი სენატიდან, რომელსაც „ოცნება“ საგულდაგულოდ მალავს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს რომ სანქციები არ ასცდება, დარწმუნებულები არიან ოპოზიციაში. იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შელახა, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მათ ოქტომბერში მოუწევთ.
დასავლეთიდან მომავალი ხისტი კრიტიკა რომ უპრეცედენტოა, „ქართული ოცნების“ გარდა ყველა ერთხმად თანხმდება. მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა, მალევე თავად მხარდამჭერი დოკუმენტის ინიციატორების მხრიდან წამოსულ ხისტ კრიტიკას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორში.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნულს ქვემოთაა. ფადი ასლი ინვესტორების დაბლოკვაში პირადად ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
რიგით მეოთხე უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას სახელზე 23 იანვრით თარიღდება. კონგრესმენების ხისტ მესიჯებს, სავარაუდოდ, სამომავლოდ კიდევ რამდენიმე განცხადება მიემატება.