
პოლიტიკური მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალი ლიდერი ჰყავს - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის ახალი შემადგენლობისა და გეგმების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
პარტიის წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე მადლობას უხდის საზოგადოებას მაღალი ინტერესისთვის, იგი ასევე მადლობას უხდის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს მათი გაწეული შრომისთვის.
დღეს ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ ქვეყნიდან, თქვენ თქვენს სამშობლოში ვერ დაიმკვიდრებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას და თავისუფლებას. ეს ასე არ არის, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ უნდა მოვახერხოთ 2020-ის არჩევნებზე, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ქართული სახელმწიფო დავუბრუნოთ მის ხალხს, - აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.
მისი განცხადებით, პოლიტიკურმა მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის" თავისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე აირჩია, რის შედეგადაც პოლიტიკური მოძრაობა საპარლამენტო პარტიად იქცა.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას საზოგადოებას დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიესალმა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსისთვის აუციელებლია გუნდის წევრობა, მით უფრო ოპოზიციური გუნდის წევრობა, როდესაც ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანა.
მე მივიღე შემოთავაზება "სახელმწიფო ხალხისთვის", რომ ვყოფილიყავი პოლიტიკური ლიდერი, რადგან ამ პარტიის სახელწოდებაში განსხეულებული სათაური არის ჩემი პოლიტიკური კრედო, რომ სახელმწიფო არსებობს თითოეული მოქალაქისთვის, - აცხადებს ნატო ჩხეიძე.
მისი მტკიცებით, გაერთიანებულ ოპოზიციას, რომლის შემადგენლობაშიც არის აწ უკვე მისი პარტია, შეუძლია "ქართული ოცნებას" ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოს.