ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას არავინ აპატიებს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ღია გზავნილი, რომ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას არავინ აპატიებს - ასე შეაფასა ოპოზიციამ ამერიკის ელჩის შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, შეხვედრა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის ლეგიტიმაციას ეხებოდა, უცხოელი პარტნიორების მხრიდან გამაფრთხილებელი სიგნალი იყო.

ნდობა "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული არჩევნებისადმი არის სრულიად დაკარგული და ქალბატონი ელჩის ვიზიტი გენერალურ პროკურორთან მხოლოდ ერთ რამეს ამბობს, რომ პირდაპირ დაეკისრა გენერალურ პროკურატურას პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოში 2020 წელს პატიოსნად, გამჭვირვალედ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს არჩევნები იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის თქმით, ის დარღვევები და გაყალბები, რაც "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იყო, მმართველ გუნდს ვეღარ გაუვა.

ის გაყალბებები, ის მასობრივი მოსყიდვები, ის მასობრივი კანონდარღვევები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იყო, აღარ გაუვა "ქართულ ოცნებას". ამისთვის დამკვირვებლებიც იქნებიან, ამისთვის შესაბამისი მექანიზმებიც იქნება და ამისთვის მომზადებულია, როგორც ჩვენ, ოპოზიცია, ასევე, საერთაშორისო საზოგადოება, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ს ელჩისა და გენპროკურორის შეხვედრასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასება აქვთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია რეალობას აცდენილია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებს არ გამორიცხავს.

ოპოზიცია როგორ იგებს კონკრეტულ მესიჯებს ერთია, და მეორეა, რა ხდება ხოლმე სინამდვილეში. რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ნებაც, გადაწყვეტის გზებიც, გადაწყვეტის გეგმებიც და სურვილი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს ოქტომბერში ჩატარებული უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები, სადაც კითხვის ნიშნები იქნება ნაკლები. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც რადიკალურ ვერსიებს მიყვებიან ხოლმე, დასვამენ კითხვებს, დაკავდებიან სპეკულაციებითაც, მოლოდინი სხვაგვარი არც მაქვს, -  აცხადებს მდინარაძე.

ხელისუფლების მხრიდან არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარების ინტერესებზე საუბრობს  მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც, გია ვოლსკიც.

სახელმწიფოს ინტერესებშია, ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე, მაღალი, ევროპული სტანდარტის არჩევნები. რასაკვირველია, ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება, რომლის მიმართაც შეტევის მთავარი ამოცანა აქვს ოპოზიციას, არის მოლაპარკების დღის წესრიგში, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში იმართება, - აცხადებს ვოლსკი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი