"საკუთარ ხალხს ხოცავდნენ, წვავდნენ..." - როგორ "ამართლებს" პუტინი უკრაინაზე თავდასხმას

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სამხედრო ძალით შეჭრას და ტერიტორიების ოკუპაციას "ადამიანების სიცოცხლის დაცვის" მოტივით ხსნის. ის ამბობს, რომ 2014 წელს უკრაინაში "სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება" მოხდა, რომლის საჭიროებაც არ იდგა და ამასთან ერთად, ქვეყანაში "საკუთარ ხალხს ხოცავდნენ".

"უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობები დავამყარეთ, თუმცა 2014-მა წელმა ყველაფერი შეცვალა, რადგან სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. საკუთარ ხალხს ხოცავდნენ და წვავდნენ. მართალია მოსახლეობა მთავრობით უკმაყოფილო იყო, თუმცა მაშინ მოქმედი პრეზიდენტი, იანუკოვიჩი დათმობაზე წავიდა. რამდენიმე დასავლური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იანუკოვიჩისგან გარანტია მიიღეს, რომ პროცესების ესკალაციას ხელს არ შეუწყობდა და მზად იყო, გადამდგარიყო, არჩევნებში კი ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალი იყო. ამის მიუხედავად, სახელწიფო გადატრიალება მაინც მოაწყვეს. რატომ ან რა მიზანს ემსახურებოდა, ჩემთვის გაუგებარია. ამაზე პასუხი არ არსებობს.

ამ პროცესების შემდეგ, ყირიმის პრობლემა გაჩნდა და ჩვენც უფლება არ გვქონდა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის დაცვაზე უარი გვეთქვა. ეს შეუძლებელი იყო. გამოუვალ მდგომაროებაში ჩაგვაყენეს, სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ანალოგიური ვითარება იყო დონბასთან მიმართებაშიც. უკრაინის ხელისუფლებამ დონბასში არსებული კრიზისის სამხედრო გზით მოგვარების გადაწყვეტილება 2-ჯერ მიიღო. პირადად ვცდილობდი, პეტრო პოროშენკო გადამერწმუნებინა, სამხედრო ოპერაციები არ დაეწყო, მაგრამ არ დამიჯერა და შედეგი ყველასთვის კარგად ცნობილია. კონფლიქტი ჩვენი პრიორიტეტი არ არის, ეს არასოდეს გვინდოდა", - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი