გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში ჯერ აკრძალული არ არის - სამოქალაქო აქტივისტები 20 ივნისის აქციისთვის ნებართვას ითხოვენ. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა თბილისის მერიას განცხადებით უკვე მიმართეს.
აქციის ორგანიზატორები სისხლიანი მოვლენებიდან ერთი წლის თავზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებას ისევ გეგმავენ. მოძრაობის წევრები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ გავრილოვის ღამის შედეგებს და კიდევ ერთხელ შეახსენებენ ქართულ ოცნებას შეუსრულებელ დაპირებებს.
აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამოსვლით კანონს არ დაარღვევენ.
რეალურად ვხედავთ, რომ ყველაფერი დადის ისეთი სუბიექტების პოლიტიკურ გემოვნებაზე, როგორიც არის გიორგი ვოლსკი, ირაკლი კობახიძე. ვხედავთ იმ ფაქტს, რომ ბათუმში ქურდების მხარდასაჭერ აქციაზე რეაქცია არ ქონდათ, 20 ივნისის აქციაზე კი რადიკალუკრად განსხვავებული რეაქციაა. რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს დავა არ ეხება იმას, გვაქვს თუ არა ჩატარების უფლება, არამედ მხოლოდ მათ პოლიტიკურ გემოვნებას, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე.
აქციის ორგანიზატორები მერიას სთხოვენ, რომ რუსთაველის გამზირზე გააკეთონ მონიშვნები, რათა არ დაირღვეს სოციალური დისტანცია. მათი თქმით, აქციის მონაწილეებს ეკეთებათ პირბადეებიც.
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 11 დღეში ერთი წელიწადი შესრულდება. მოძრაობა "სირცხვილია" საზოგადოებასთან ერთად აპირებს შეახსენოს ხელისუფლებას, რომ ხალხს 20 ივნისი არ დავიწყებია.