ენმ-ის ოფისთან კიდევ ერთი მოშიმშილე გახდა შეუძლოდ - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

უკიდურესი პროტესტის მე-6 დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოშიმშილე კიდევ ერთი აქტივისტი გახდა შეუძლოდ.

პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის წევრს, თენგიზ სანაიას არტერიული წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. 

გარდა ამისა, წუხელ შეუძლოდ გახდა ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბონდო თედორაძეც. არტერიული წნევის ცვალებადობის გამო, ექიმებმა ისიც კლინიკაში გადაიყვანეს.

"მთავარი მიზანი, რომლის გამოც აქ ვდგავართ, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რამენაირად დავემორჩილოთ იმას, რაც ქვეყანაში ხდება. დღეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უმნიშვნელოვანესი, ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ქვეყნის წარმატებისთვის არის საჭირო და სირცხვილია, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის ტყვეობაში. ეს კარგად იცის ივანიშვილმა, მაგრამ მისი მიზანი სწორედ ქვეყნის ავტორიტეტის შელახვაა. ბრძოლა გრძელდება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი მართლმსაჯულების მოპოვებისთვის", - თქვა ენმ-ის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებს, პარტიის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი