სენატორ როჯერ ვიკერის გადამალულ წერილს ოპოზიციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან, წერილის დამალვის მიზეზი გახდა ის, რომ მასში პირველადაა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ციხით ემუქრება.
სენატორ როჯერ ვიკერის წერილის შინაარსი, რომელსაც ხელისუფლება ერთი თვე მალავდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გუშინ გაასაჯაროვა.
"ეს წერილი ნიშნავს, რომ ჩვენს საუკეთესო მეგობრებსაც კი სენატში, ძალიან უჭირთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პოზიციების დაცვა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქმნის ასეთ პრობლემებს და რეალურად დღეს ივანიშვილი დგას იმ გზაზე რომელიც გვაკავშირებს სტრატეგიულ მოკავშირესთან და მათთან გაღრმავებული ურთიერთობების მიმართულებით უნდა მიდიოდეს" აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება, თუ მთავრობა გაითვალისწინებენ იმ კრიტიკას, რომელიც საქართველოს მეგობრებისგან მოდის. მათივე თქმით, 2020 წელს ივანიშვილის მთავრობას მშვიდობიანად, არჩევნების გზით, ძალაუფლების დათმობა მოუწევს:
"გრძელდება ეს პროცესი, გრძელდება ეს ტალღა საქართველოს მეგობრებისგან, იმ ხალხისგან ვინც ამ ქვეყანაზე ფოკუსირებულია, ძალიან მკაფიო გაფრთხილების მცდელობის რომ ის ზიანი რასაც აყენებს ვანიშვილი და მისი გუნდი ქვეყანას უნდა შეჩერდეს სანამ ძალიან გვიან არ არის მათთვის და სანამ დიდი ზიანი არ მიუყენებიათ ქვეყნისთვის" აცხადებს გიგა ბოკერია
სენატორ როჯერ ვიკერის წერილი საქართველოს მთავრობამ დეკემბერში მიიღო, თუმცა ხელისუფლება მას 1 თვე მალავდა. წერილში ნახსენებია პირადად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დევნის ოპონენტებს, ციხით ემუქრება ოპოზიციის წევრებს და ატყუებს საკუთარ მოსახლეობას.
წერილში უარყოფითადაა შეფასებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება. სენატორი, რომელის საქართველოს თემაზე აქტიურად მუშაობს, ამ ყველაფერს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.