საქართველომ პროვოკაციული ქმედებები უნდა შეწყვიტოს - ბიბილოვი ე.წ. საზღვრის გახსნაზე

გამოქვეყნდა:

დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ახალგორის მოსახლეობა უპირისპირდება - დაბაში ჩასულ ბიბილოვს მათ ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა მოსთხოვეს, რომელიც 2019 წლის შემდეგ ჩაკეტილია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხალხს მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში უწევს ცხოვრება.

შეხვედრაზე თვითაღიარებულ პრეზიდენტს მოქალაქეებმა ქართულად მიმართეს და უთხრეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სურთ გადასვლა, თუმცა ამის საშუალება წლებია არ ეძლევათ.

ადგილობრივი სახელისუფლებო მედია წერს, რომ ბიბილოვმა შეხვედრაზე ეს პრობლემა თავად წამოჭრა. მისი თქმით, საზღვარი წნელისთან საქართველოს "უკანონო"ქმედების გამო ჩაიკეტა. მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ "პროვოკაციული ქმედებები" უნდა შეწყვიტოს.

"სამწუხაროდ, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს, რომელიც მხოლოდ ჩემზე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული. საზღვრის ჩაკეტვა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის შექმნის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს, სიამოვნებით მივიღებთ მათ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ აქ გადმოვიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოშია და უმუშევრად არ დარჩებიან", - თქვა ე.წ. პრეზიდენტმა.

ბიბილოვმა ახალგოში მცხოვრებლებს უთხრა, რომ მათ უნდა აირჩიონ და გადაწყვიტონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი