
რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია - ასე შეაფასა ეკონომიკის მინსტრმა ნათია თურნავამ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.
თურნავას თქმით, ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია და ამას ეკონომისტი და ფინანსისტი აზარაშვილი უკეთესად გაუმკლავდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი.
"შემოუერთდა ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი. ჩემი კოლეგა, ეკონომისტი, ფინანსისტი. მივესალმები. რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე სექტორი 6 მილიარდზე მეტია, კოვიდის პერიოდში მისი რესურსტევადობა გაიზარდა და კოვიდის გამოწვევა ისევ წინ არის და გამოწვევად რჩება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა. რასაც ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ გაუმკლავდება, ჩემი აზრით, ვიდრე რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანი. გარდა ამისა, გამოწვევაა ფასები, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწოდოთ ადეკვატური ხარისხისა და ფასების ჯანდაცვის სერვისები, ესეც დიდადაა დამოკიდებული სწორ გათვლებზე, ფინანსური ნაკადების სწორ მენეჯმენტზე და აქ იქნება დიდი როლი ახალი მინისტრის და მისი ეკონომიკური გათვლების",- თქვა ნათია თურნავამ.
კითხვაზე, არის თუ არა ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრს, აზარაშვილს შორის ნათესაური კავშირი თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქცენტებს არასწორად აკეთებენ.
თქვენ ეს [ნათესაური კავშირი პრემიერთან] გაინტერესებთ და არა მისი პროფესიონალიზმი და რა ეღირება ჯანდაცვის სერვისები მომავალში? მე მგონი არასწორად სვამთ აქცენტებს",- აღნიშნა თურნავამ.
არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი აზარაშვილის შვილის ნათლია? ეს კითხვა ჟურნალისტებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურენობის მინისტრსაც დაუსვეს, თუმცა ლევან დავითაშვილმა მათ უპასუხა, რომ ინფორმაცია არ აქვს.
ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, მისი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დღეს წარადგინა.