20 ივნისს, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან, ერთი წლის შემდეგ, პარლამენტის წინ აქცია ისევ გაიმართება. ადამიანები, რომლებსაც 2019 წლის 20 ივნისს ტყვიები ესროლეს, ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს და დაარბიეს, ერთი წლის შემდეგ ქვეყნის მთავარ გამზირზე ისევ შეიკრიბებიან.
პარლამენტის წინ ტერიტორია ამ დრომდე მწვანე ღობით არის შემოფარგლული, თუმცა, აქციის მონაწილეებს ეს ხელს ვერ შეუშლის და დიდი ხნის წინ დაწყებულ პროტესტს ვერ ჩაახშობს.
20 ივნისის აქცია რუსული დელეგაციის საქართველოში შემოშვებას მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომას და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის წითელი ხალიჩის დაგებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მათ პარლამენტის წინ მშვიდობიანი გზით გააპროტესტეს გავრილოვის ვიზიტი, რასაც ხელისუფლების მხრიდან რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით აქციის დაშლა მოჰყვა.
ერთი წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გეგმავენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირონ, რომ უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც ძალას გადაამეტა და ასევე დარბევის ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
აქციის ორგანიზატორებმა უკვე მიმართეს მერიას, რომ სოციალური დისტანციის დასაცავად ნიშნულები გააკეთონ. 20 ივნისის აქციისთვის ძალოვან უწყებებშიც დიდი მზადებაა.
ყველა, ვინც 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე იყო და ახალგაზრდებთან ერთად საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას აპროტესტებდა, დღეს ამბობს, რომ ივანიშვილს და მის გუნდს ყველაზე მეტად ახლა პროტესტის ეშინია. დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების მცდელობა ჩაშალონ აქცია, უშედეგო იქნება.
ახალგაზრდული მოძრაობების პროტესტი ერთი წლის განმავლობაში არ შეწყვეტილა. 20 ივნისის შემდეგ იყო ხანგრძლივი პროტესტი რუსთაველზე, შემდეგ კიდევ რამდენიმე აქციის წყლის ჭავლითა და ძალის გამოყენებით დაშლა. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წელს თამაში ივანიშვილთან ოლიგარქის წაგებით დასრულდება.