გულუბრყვილო მოლოდინი არ მაქვს, თუმცა სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს - მელია ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს - განაცხადა ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

სამოქალაქო თანხმობის მიღწევის პროცესში დაწყებული შეხვედრების ფორმატში, ენმ-ს ლიდერი პრეზიდენტ ზურაბიშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა. მელია აცხადებს რომ სანამ ხედავს "უმცირესს შანსსაც", ხელს შეუწყობს პროცესს მისი შესაძლებლობების ფარგლებში.

„პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა სიმართლე - გულუბრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები არ მაქვს, თუმცა, დარწუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს შანსი უნდა ჰქონდეს. შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირესს შანს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. რა არის ჩემთვის სამოქალაქო თანხმობა? სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში, გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებასა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ახლა ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები, არამედ მომავალში.

რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს არჩევნებისადმი განცდა და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში გაჭირდება, გართულდება" ამბობს მელია.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ძალიან სწორი აღწერა აქვს.

"მან ამის თაობაზე, ჩემდა გასაკვირადაც, საჯაროდაც ისაუბრა. როცა იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები, რადგან ამ ქვეყანაში არ შეუძლიათ გაჩერება, დიახაც, ეს განცხადება არის განსხვავებული რამ, რაც მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში და როდესაც რადიკალურად განსხვავებული განცხადება კეთდება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ეს არის მისასალმებელი." ამბობს მელია.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს  გადამწყვეტი როლი ითამაშოს შექმნილ ვითარებაში. ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი რამე "თავად რეჟიმზეა" დამოკიდებული. 

შეხვედრის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი. თუმცა, ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, რომელიც საკუთარი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს. თავად სალომე ზურაბიშვილს ჩემი შეფასებით, აქვს ისტორიული შანსი, მას შეუძლია არა მხოლოდ როლი ითამაშოს, არამედ დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მას აქვს გადამწყვეტი ბერკეტები. იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამ პროცესიდან რამე გამოვიდეს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი