მთავრობის კიდევ ერთი წევრი ბიძინა ივანიშვილის პირადი კლანიდან. "ქართუს" ყოფილი თანამშრომელი ჯანდაცვის ახალ მინისტრად ინიშნება.
ზურაბ აზარაშვილი პრემიერმა დღეს ძალიან ლაკონურად წარადგინა და ზუსტად იმ ღირებულებებით, რომლებიც მისი პირადი პატრონისთვის არის უმნიშვნელოვანესი - გაზრდილია ექიმის ოჯახში და ჰყავს 5 შვილი.
სანაცვლოდ არცერთი სიტყვა არ თქმულა ახალი მინისტრის რაიმე კავშირზე მედიცინასთან. აზარაშვილი უბრალოდ ქართუს კარგი თანამშრომელი იყო, შემდეგ იარაღს აწარმოებდა დელტაში და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
რა იარაღით უნდა გაუმკლავდეს უმძიმეს პანდემიას ახალი მინისტრი გაურკვეველია, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და "ქართული ოცნების" მთავრობაში კიდევ უფრო მძიმე ცვლილებები გველის.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მინისტრთა კაბინეტსა და ოცნებაში საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულდება. ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ამჯერად აძლევს შესაძლებლობას, საახალწლოდ მისალოცი ბარათები პრემიერმინისტრის სახელით დააგზავნოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანი მალე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს და ის აშშ-ში ელჩ დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს.