ქუჩური გარჩევა გორში - ჩხუბში მონაწილე გიორგი კანდელაკის შვილი გამოკითხვაზეა

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება გორში - "მთავარის" ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის შვილს სამართალდამცავები ამ წუთებში კითხავენ. თარაშ კანდელაკი პოლიციის შენობაში უკანა კარიდან შეაპარეს. 

საქმე ეხება გორში, გვიან ღამით ახალაგზარდებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. გიორგი კანდელაკის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში „ჟოზეფი“ 18 წლის ახალგაზრდას სასტიკად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით გამეტებით რამდენიმე სპორტსმენი ურტყამდა, მათ შორის იყო გიორგი კანდელაკის მოკრივე შვილი თარაშ კანდელაკი.

გორის სამმართველოში მომხდარ ჩხუბზე დაკითხვების სერია დღეს დილიდან მიმდინარეობს. სამართალდამცავები რესტორანში კონფლიქტის თვითმხილველებს და ინციდენტში მონაწილეებს კითხავენ. პოლიციის შენობიდან გამოსულები მედიასთან ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ.

სამართალდამცავები, ასევე იმყოფებოდნენ ვარიანში, სადაც კანდელაკების ვილა პოლიციის ლენტით, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შემოსაზღვრული. საცხოვრებელ ბინაში საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა. კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები განაცორციელეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა არც პოლიციელები და არც კანდელაკები არაფერს ამბობენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი კანდელაკის შვილის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს პოლიცია დაფარავს. ვინაიდან, კანდელაკი რეგიონში „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად ითვლება და არჩევნებზე ზონის კოორდინატორია.

ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით, უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე რჩება. ახალგაზრდა მრავლობითი დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში ჯერ კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 239 მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულოსხმობს, აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი