
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ელოდება უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის მიმართ უღირსი და არაადამიანური გადაწყვეტილებები უკვე წესად ექცა.
მისი თქმით, ადვოკატებმა გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალი 6 საათზე დატოვეს და მათთვის არავის უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულ იყო.
"სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომელებიც გადაწყვეტილბას იღებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში, არ გააჩნიათ ელემენტალური ღირსება და არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ უნდა მოექცნენ მესამე პრეზიდენტს, როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ მთავარსარდალს და მათთვის წესია ეს რაღაც ბოდიში და იაფფასიანი საქციელები და უღირსი საქციელები, სხვანაირად არ წარმოუდგენიათ და ამიტომ იქცევიან ასე. ბუნებრივია, დამატებითი მიზეზი ცხადია ისიც არის, რომ მათი მიზანი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არის შურისძიება და ისინი ყველა ამ წვრილმანი ქმედებით ცდილობენ, რომ ეს დაამტკიცონ, რომ რაღაც თითქოს შური იძიეს მიხეილ სააკაშვილზე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისი განცხადებით, ეს უღირსი და უკანონო მოქმედებები არსად იკარგება და შესაბამისმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა მათზე იქნება.