
საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილზე მიხეილ სააკაშვილი გახდება ბიძინა ივანიშვილის მსხვერპლი - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან ფარულად გადაყვანის მორიგი მცდელობის შეფასებისას.
დეკანოიძის თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ, რომელიმე კლინიკაში გადაყვანა როგორც მისი ჯანმრთელობის, ასევე უსაფრთხოებისთვის:
ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება, დღეს კედლებს ეხეთქება და აგონიაშია. გუშინდელი საინფორმაციო და განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც გიორგი მარგველაშვილი შეხვდა მესამე პრეზიდენტს, გააკეთა მკვეთრი განცხადებები, ნამდვილად იტვირთა მაკონსოლიდირებელი ფუნქცია და ამ ყველაფრის ფონზე “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ დაესაჯა მიხეილ სააკაშვილი და გაეტაცებინა ის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან. ჩემი პოზიცია შემდეგია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის არამხოლოდ პარტიის ლიდერი, არამედ პირველ რიგში, ჩემი მეგობარი, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე სასწრაფოდ გადასარჩენია, რაც ვერ მოხდება სამხედრო ჰოსპიტალში ბადრაგებისა და იმ ექიმების გარემოცვაში, ვინც ხელს აწერს მისი გაწერის ფორმას, მაშინ, როცა ძალიან კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ნევროლოგიურიც. შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია აქ წარმოუდგენელია." ამბობს დეკანოიძე.
ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში სცადეს. მესამე პრეზიდენტთან ბადრაგები შევიდნენ და მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ კლინიკიდან გაწერილი იყო, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობა მოჰყვა.~
მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ არც პირად ექიმს და არც დედას.
ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, რასაც მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვა მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილმა მომხდარის შემდგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს ინციდენტს.